Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა დე ფაქტო პროკურატურამ


ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული.

„წერილი მივიღე - საქმე #N961705 დაიხუროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს ნიშნავს - 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული საქმე, რის საფუძველზეც დამაპატიმრეს, ჩატარებული პირადი და ბინის ჩხრეკა იყო უკანონო!- ამის დამტკიცებას მივუძღვენი 6 წელი და ბრძოლაში გატარებულ არცერთ დღეს არ ვნანობ! ასევე- მაქვს რეაბილიტაციის უფლება - ამინაზღაურდეს მორალური და მატერიალური ზიანი, რაც ამ წლებში გავიღე'', - წერს თამარ მეარაყიშვილი.

2017 წელს მეარაყიშვილს ცილისწამებაში დასდეს ბრალი დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“, მიმართ. ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და ახალგორში მისი სახლი გაჩხრიკეს. 2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ საბოლოოდ მოხსნა ეს ბრალდება. სასამართლომ გენერალურ პროკურორს დაავალა, საქმიდან ამოეღო ცილისწამებასთან დაკავშირებული ეპიზოდები და ამის შემდეგ დაებრუნებინა სასამართლოში სხვა ეპიზოდების განსახილველად.

დარჩა ორი ეპიზოდი - სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მოპოვება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლი) და შეგნებულად ყალბი დოკუმენტის გამოყენება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

მეარაყიშვილის ცნობითვე, ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისად, მას მატერიალური და მორალური ზიანისთვის რეაბილიტაციის საშუალებაც მიეცემა. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასამართლომ რამდენჯერმე გაამართლა, თუმცა ყოველ ჯერზე პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის უფლებების დასაცავად არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მიმართა დე ფაქტო ხელისუფლებას. თითქმის 6 წლის განმავლობაში მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები ჩამორთმეული ჰქონდა და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG