Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ვერ აირჩია სახალხო დამცველი


საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა და ვერ აირჩია სახალხო დამცველი. წარდგენილი 19 კანდიდატიდან ყველა ჩავარდა.

კონსტიტუციითა და კანონმდებლობით პარლამენტი სახალხო დამცველს, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, 90 ხმით ირჩევს. ხმების ეს რაოდენობა არცერთ საპარლამენტო პარტიას აქვს და საჭიროა პოლიტიკური კონსენსუსი.

საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს: ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს და ნაზი ჯანეზაშვილს უჭერდა. მმართველი გუნდის შეთავაზება კი იყო, რომ პარლამენტს არჩევანი ხუთ კანდიდატს: ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის გაეკეთებინა.

როგორც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ფრაქციის წევრები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო სესიას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები. შესაბამისად, კენჭისყრაში არც მათ მიუღიათ მონაწილეობა.

ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე, სერგო მახარაძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, სოფიო დემეტრაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი და ევგენია თავაძე.

კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატების ხმები კი ასე გადანაწილდა:

  • ანა აბაშიძე: 12 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
  • მარიკა არევაძე: 1 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • გიორგი ბურჯანაძე: 16 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ლელა გაფრინდაშვილი: 5 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
  • სოფიო დემეტრაშვილი: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • თინათინ ერქვანია: 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
  • ევგენია თავაძე : 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ალექსანდრე კობაიძე: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ლევან კოკორაშვილი: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ნუგზარ კოხრეიძე: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • გიორგი მარიამიძე: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • სერგო მახარაძე: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • მაკა მინდიაშვილი : 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ჯემალ ნათელაშვილი: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ნიკოლოზ ნიკოლაძე: 0 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
  • ქეთევან ჩაჩავა: 2 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • გიორგი ცობეხია: 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • იაგო ხვიჩია: 11 მომხრე, 0 წინააღმდეგი;
  • ნაზიბროლა ჯანეზაშვილი: 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი.

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.

გამჭვირვალე პროცესის შედეგად ომბუდსმენის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატებს კენჭს ხელახლა საგაზაფხულო სესიაზე უყრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG