Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში დაჭრილ როგოზინს მოსკოვში გადაიყვანენ


ფოტო არქივიდან. დმიტრი როგოზინი
ფოტო არქივიდან. დმიტრი როგოზინი

უკრაინაში დაჭრილ რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, „როსკოსმოსის“ ყოფილ ხელმძღვანელ დმიტრი როგოზინს ოპერაცია ვერც დონის როსტოვის კლინიკაში გაუკეთეს და მოსკოვში გადაიყვანენ. ამის შესახებ რუსული სააგენტოები "რია ნოვოსტი" და "ტასი" წერენ როგოზინის თანაშემწეზე დაყრდნობით.

როგოზინი 21 დეკემბერს დაიჭრა ქალაქ დონეცკში, უკრაინელი სამხედროების მიერ ერთ-ერთ სასტუმროსა და რესტორან „შეშ-ბეშზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად. როგოზინი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უკვე დიდი ხანია დონეცკში იმყოფება, 21 დეკემბერს დაბადების დღეს აღნიშნავდა. როგოზინი ირწმუნება, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა მოხალისეთა ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ სამუშაო თათბირს ატარებდა.

განსხვავებული ცნობები ვრცელდება როგოზინის მდგომარეობის შესახებ. 22 დეკემბერს, თავად როგოზინი აცხადებდა, რომ ბეჭის არეში დაიჭრა. მისმა თანაშემწემ რუსულ სააგენტოებს აცნობა, რომ როგოზინს ნაღმის ნამსხვრევები ხერხემალთან მოხვდა. გამოცემა „ბაზა“ იუწყებოდა, რომ დმიტრი როგოზინს დაზიანებული აქვს თავის რბილი ქსოვილებიც და საჯდომი. ქირურგიული ოპერაცია თავდაპირველად დონეცკში იგეგმებოდა, რაც ვერ მოხერხდა და როგოზინი და კიდევ ორი დაჭრილი რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც მისი თანაშემწე ამბობს, დონეცკელმა და როსტოველმა ექიმებმა ოპერაციის გაკეთება ვერ გაბედეს, "მისი სირთულის გამო".

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში 21 დეკემბერს განხორციელებული შეტევისას დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის როგოზინის თანაშემწე მიხაილ ბრიდასოვი. 22 დეკემბერს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე როგოზინმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და იმყოფებოდა დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე, სადაც მისთვის დარღვევის ოქმის პირადად მიტანა ვერ შეძლეს, მაგრამ, დაბადების დღის აღნიშვნის დროს „გადასცეს არაგულგრილმა ამხანაგებმა“.

2022 წლის ნოემბერში, დმიტრი როგოზინმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შექმნა სასწავლო ცენტრი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი „სამეფო მგლები“, რომლის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG