Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. მან წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი.

"ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა.

აფხაზეთი, შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, მთავრობის გათვლით, ამ შემთხვევაში რამდენი იქნება უცხოური და რამდენი - სახელმწიფო ინვესტიცია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2006 წლის შემდეგ ყველაზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია (1990,5 მლნ აშშ დოლარი) 2017 წელს ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ კვარტალში იყო (2022 წლის ივლისი-სექტემბერი - 745,3 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემები

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უცვლელია:

"ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, გვინდა ამდენი ომით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით ამ ტრაგედიის დასრულება და შერიგება ერთიან, ძლიერ საქართველოში".

მონაკო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. მისი ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი ტურიზმია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 27 დეკემბერს, ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მან ისაუბრა გაკეთებულ საქმეებსა და მომავალი წლის გეგმებზე - მათ შორის გაზრდილ სოციალურ დახმარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ევროინტეგრაციაზე.

XS
SM
MD
LG