Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქვეყანა მალე მიიღებს - ღარიბაშვილი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ აღნიშნავს, რომ ყველა ის სიკეთე, რომლებიც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიიღო, მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და მოლოდინებზე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 27 დეკემბერს, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას", - თქვა მან.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ ჩაითვლება 12 რეკომენდაცია შესრულებულად, როცა ქვეყანაში არ არიან არჩეული სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

'ჩვენ ყველა პუნქტი შევასრულეთ, სადაც შეგვეძლო ცალმხრივად პასუხისმგებლობის აღება, ეს იყო კანონების მიღება. ყველა კანონის არის მიღებული, ორ კანონთან დაკავშირებით ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. სადაც ვერ ავიღებდით ცალმხრივად პასუხისმგებლობას, ის პუნქტები ვერ შესრულდა, ვგულისხმობ თანამდებობის პირების არჩევას. ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა იყო საჭირო, რაც ვერ დავინახეთ. გაგრძელდება ძალისხმევა, რომ იანვარში მივაღწიოთ კონსენსუს სახალხო დამცველთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესახებ", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო წლების განმავლობაში ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველო ომში ჩართვის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები უკრაინამ და მოლდოვამაც უნდა შეასრულონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG