Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსული სარდლობა ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა მაკეევკაში დიდი მსხვერპლის გამო


საილუსტრაციო ფოტო. სარაკეტო სისტემა HIMARS
საილუსტრაციო ფოტო. სარაკეტო სისტემა HIMARS

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაკეევკაში დიდი მსხვერპლის გამო, პასუხისმგებლობა გადაიტანოს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელებზე.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ უკრაინელი სამხედროების დამანგრეველი დარტყმის გამო, რუსეთში მწვავედ აკრიტიკებენ სამხედრო ხელმძღვანელობას, ამიტომ, თავდაცვის სამინისტრო ცდილობს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურებს და მობილიზებულებს დააკისროს პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ზომების ცუდად დაცვის გამო.

ახალი წლის ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემებით HIMARS ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა 2 იანვარს დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიღუპა 63 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ მობილიზებული 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედია დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ მაკეევკაში მყოფი რუსი სამხედროები აქტიურად იყენებდნენ მობილურ ტელეფონებს, რის გამოც მოწინააღმდეგემ მათი ადგილსამყოფელი იოლად დაადგინა. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვიტალი კისილიოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო სარდლობა მოითხოვს კრემლის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის გადადგომას.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსი ბლოგერების განცხადებებზეც, რომ მობილური ტელეფონების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები ტყუილია და რუსეთის სამხედრო სარდლობამ უკრაინულ ძალებს ამოცანა გაუადვილა იმით, რომ ასობით სამხედროს თავი მოუყარა ერთ კონკრეტულ ადგილზე.

XS
SM
MD
LG