Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად" - პატრიარქი სააკაშვილს


ფოტო არქივიდან: ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი
ფოტო არქივიდან: ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილი მისწერა. წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა და მეგობარმა ეკა ხერხეულიძემ მიაწოდა, პატრიარქი მადლობას უხდის ექსპრეზიდენტს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - წერია მიხეილ სააკაშვილისთვის ილია მეორის სახელით გაგზავნილ წერილში, რომელიც 2022 წლით არის დათარიღებული.

მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილი
მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია. 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა 9 იანვარს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG