Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: გამოდის, რუსეთის უმოქმედობა სომხეთისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლად საფრთხეს წარმოადგენს


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი დასავლეთის ქვეყნებს თავის აგრესიულ ქმედებებს იმით უხსნის, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს სომხეთისა და რუსეთის შესაძლო ერთობლივი მოქმედებების წინააღმდეგ. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 10 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდია, მაგრამ უკრაინის მოვლენების ფონზე ეს განცხადებები ინტერესს იწვევს და აზერბაიჯანი ამას იყენებს. ჩვენ რუსი კოლეგების ყურადღებას ვაპყრობთ იმაზე, რომ საპასუხო რეაქციის არქონის პირობებში გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა არათუ არ უზრუნველყოფს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, არამედ მისი უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ჩვენ ჯერ არ გამოგვაქვს დასკვნები, ჯერ მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს არაერთხელ განუხილავთ რუს კოლეგებთან სამუშაო დღის წესრიგის ფარგლებში. მაგრამ ახლა თემის საჯაროობა გადაწყვიტა, რათა საზოგადოებას არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხზე დუმს.

2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".

2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების თანახმად, რეგიონში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის ვადა განისაზღვრა 5 წლით. ეს ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე 6 თვით ადრე არ განაცხადებს, რომ წინააღმდეგია რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისიის გაგრძელებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG