Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია


ოთარ ღვინაშვილი

​წუხელ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი 37 წლის ოთარ ღვინაშვილია. ის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.

"ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.

გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა. მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მასალა განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG