Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ლიკვიდირებულ იქნეს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი


ადვოკატი გენრი რეზნიკი და მჰჯ-ის წარმომადგენლები მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 2022 წ. 25 იანვარი.
ადვოკატი გენრი რეზნიკი და მჰჯ-ის წარმომადგენლები მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 2022 წ. 25 იანვარი.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ლიკვიდირებულ იქნეს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი (მჰჯ), რუსეთის უძველესი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. თავის სარჩელში იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მჰჯ თითქოს არღვევდა კანონს საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ, ვინაიდან თავის საქმიანობას მოსკოვის გარეთ ავრცელებდა. უწყება ასევე მიუთითებს, რომ ორგანიზაციის წესდება არ შეესაბამება კანონმდებლობის აქტუალურ მოთხოვნებს.

იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ესაა უხეში დარღვევები და მათი გამოსწორება შეუძლებელია კანონიერი სახით. უწყება დაჟინებით მოითხოვდა მჰჯ-ის ლიკვიდირებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის აუცილებლობას.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი სსრკ-ში შეიქმნა ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში. მისი შექმნის შესახებ გამოაცხადეს 1976 წლის 12 მაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ბინაში გაიმართა. ჯგუფის პირველ შემადგენლობაში შევიდნენ იური ორლოვი, ლუდმილა ალექსეევა, მიხაილ ბერნშტამი, ელენა ბონერი, ალექსანდრ გინზბურგი, პიოტრ გრიგორენკო, ალექსანდრ კორჩაკი, მალვა ლანდა, ანატოლი მარჩენკო, ვიტალი რუბინი, ანატოლი შჩარანსკი.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მშენებლობის ხელშეწყობას. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი იქნება დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იცავენ კანონებს, სადაც ადამიანი, მისი უფლებები და ღირსება უმაღლესი ღირებულებებია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებსაიტზე. დაარსების მომენტიდან მჰჯ განუწყვეტლივ განიცდიდა დევნას და ზეწოლას, მის მონაწილეებს აპატიმრებდნენ, ქვეყნიდან ასახლებდნენ, ართმევდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობას. ორგანიზაციამ მოსკოვში 1989 წელს, „პერესტროიკის“ ეპოქაში აღადგინა ოფისი.

2021 წლის დეკემბერში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ლიკვიდაცია უყო რუსეთის კიდევ ერთ უძველეს უფლებადამცველ ჯგუფს - საზოგადოება „მემორიალს“ და მის უფლებადამცველ ცენტრს. 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება, რომელიც მწვავედ გააკრიტიკეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უფლებადამცველმა ჯგუფებმა და ნობელის პრემიის ლაურეატებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG