Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მზადაა, Abrams-ები მიაწოდოს უკრაინას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 25 იანვარი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 25 იანვარი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიაში გაჩენილი ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, უკრაინას საბრძოლო ტანკები, Abrams-ები მიაწოდოს.

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას გაუგზავნის 31 Abrams-ს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ და უკრაინის სხვა დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ კიევისთვის ტანკების მიცემაზე. თავიდან ამის მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ არ სურდათ მოსკოვის პროვოცირება და კონფლიქტის ესკალაცია, რასაც ნატოს წევრებთან რუსეთის კონფრონტაცია შეიძლება მოჰყოლოდა. მოგვიანებით დასავლეთმა უკრაინისთვის სულ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღების გადაცემა დაიწყო, მათ შორის რეაქტიული ზალპური ცეცხლის დანადგარებისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჯავშანტექნიკისა.

ბოლო ხანებში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის Abrams-ების გაგზავნა იმის გამო არ სურთ, რომ ამერიკის ეს ძირითადი საბრძოლო ტანკები ძალზე რთულია ექსპლუატაციისთვის და დიდი მოცულობის საწვავს მოითხოვს.

Bloomberg-ის თანახმად ტანკების საერთო ღირებულება, რომელთა გაგზავნასაც აპირებს აშშ უკრაინისთვის, 400 მილიონ დოლარამდეა.

ბაიდენის თქმით, ოთხშაბათს დილით ის ელაპარაკა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს. ისინი კვლავაც ერთად დგანან უკრაინის დახმარების საქმეში და მიაჩნიათ, რომ მას მეტი მძიმე შეიარაღება ესაჭიროება, ვინაიდან ომი გაჭიანურებულ ხასიათს იძენს.

აშშ ასევე წვრთნის უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს იმ ტანკების გამოყენებაში, რომლებსაც ნატოს წევრი ქვეყნები მიაწოდებენ კიევს.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, Leopard 2 ტანკები მიაწოდოს უკრაინას. ასევე მადლობა გადაუხადა სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. მისი თქმით, ამჟამად ასეთი ქვეყანა 50 არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევა არ წარმოადგენს მუქარას რუსეთისთვის. მათი მიზანია მხოლოდ შეაჩერონ უკრაინაში რუსეთის აგრესია და ამაში „ისინი ურყევნი იქნებიან“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG