Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როგორც მითხრა, დაზიანებები მიიღო" - გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ გონება დაკარგა


გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა
გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისმა შვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გონება დაკარგა ღამით, დაახლოებით 3-4 საათისთვის, როგორც მითხრეს. როცა შევედი ნევროლოგი და სხვა ექიმები დამხვდნენ, გასინჯეს. როგორც [მიხეილ სააკაშვილმა] მითხრა, დაზიანებები მივიღეო. საშინელი ფერი აქვს და ძალიან მაღალი, 390-მდე სიცხე ჰქონდა. კოვიდი გავლილი აქვს, უარყოფითია PCR ტესტი", - ამბობს ალასანია.

მისივე ინფორმაციით, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ინტრავენურ კვებაზე უარს ამბობს.

28 იანვარს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

მომდევნო სასამართლო სხდომა 1 თებერვალს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG