Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„TV პირველის" ჟურნალისტის თქმით, მისი სახლი ორჯერ გაქურდეს


„TV პირველის" ჟურნალისტი ნატო გოგელია
„TV პირველის" ჟურნალისტი ნატო გოგელია

ქალაქ ოზურგეთში „TV პირველის“ კორესპონდენტი ნატო გოგელია ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი, სადაც ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწევა, სამი დღის განმავლობაში ორჯერ გაქურდეს.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, პირველად 31 იანვარს სახლიდან წაიღეს ტელევიზორი და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, სახლი 2 თებერვალს ისევ გაქურდეს.

„ეს იყო დარბევა და არა ქურდობა. პირველად ვიფიქრე ჩვეულებრივი ქურდობაა-მეთქი. მაგრამ მესამე დღეს ისევ შევიდნენ, როცა სახლთან პოლიცია იდგა. თან ეჭვს ის მიჩენს, რომ ღირებული რაღაცები, რითაც სარგებელი შეიძლებოდა მიეღოთ, არ არის წაღებული. როგორც ჩანს, სხვა რაღაცას ეძებდნენ. გადაჭრილია და წაღებულია, მაგალითად, უთოს სადენები და მოჭრილი შესაერთებელი და უთო დატოვებულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით შემაშინებს, ძალიან ცდება", - თქვა ნატო გოგელიამ.

დაზიანებული უთოები ნატო გოგელიას სახლიდან
დაზიანებული უთოები ნატო გოგელიას სახლიდან

ჟურნალისტის თქმით, ამჟამად ორ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს, მაგრამ, როგორც აღნიშნავს, სახლის გაქურდვას ამასაც ვერ უკავშირებს. „მიმუშავია ასეთ თემებზე და ამ დრომდე ასეთი შემთხვევა არ მქონია. 23 წელია ამ პროფესიაში ვარ“, - ამბობს ნატო გოგელია, რომელსაც არ აქვს საქმის გახსნის იმედი.

„რომ გითხრა, იმედი მაქვს, საქმეს გახსნიან, იქნება ტყუილი. იმიტომ რომ, როცა ვხედავ, პოლიციას საქმე აქვს აღძრული, გამოკითხვებს აწარმოებს და ზუსტად ორ დღეში იგივე ხდება და უფრო უარესიც, იმედი არ მაქვს. მგონია, რომ აქაც პოლიტიკურ ნებაზეა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

პოლიციამ ქურდობის მუხლით ორივე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

„TV პირველის" ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლის ორჯერ გაქურდვის ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და მოუწოდა საგამოძიებო უწყებას, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიას სახლში ქურდობის ფაქტები.

„ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიას სახლში ქურდობის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ფაქტები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG