Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩის ცნობით, იპოვეს საქართველოს ყველა დაკარგული მოქალაქე, ვისზეც ინფორმაცია ჰქონდათ


მიწისძვრა თურქეთში. 6 თებერვალი, 2023 წელი
მიწისძვრა თურქეთში. 6 თებერვალი, 2023 წელი

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ მიწისძვრის შემდეგ მიაკვლიეს საქართველოს იმ ყველა დაკარგულ მოქალაქეს, ვისზეც ინფორმაცია ჰქონდათ. ელჩის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იგი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებს ანკარაში, სტამბოლსა და ტრაბზონში.

"საქართველოს ორი მოქალაქეა დაღუპული. ჩვენს მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, როგორმე მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან. მნიშვნელოვანია, ის მოქალაქეები რომლებსაც დაკარგული აქვთ საბუთები, მოგვაკითხონ ჩვენ, ანკარაში ან ტრაბზონში", - ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 381-ს მიაღწია დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაშავდა 20 424 ადამიანი. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7 840. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 000 მოქალაქე. თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG