Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად აქცია გამართა


"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ხელვაჩაურში. 2023 წლის 9 თებერვალი
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ხელვაჩაურში. 2023 წლის 9 თებერვალი

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ისინი აპროტესტებენ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - 6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა.

ბორჯომში აქციაზე მისულ რამდენიმე ათეულ ადამიანს სიტყვით მიმართა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ. მისი სიტყვებით კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიყენება არაადამიანური მოპყრობა.

„რაც ნიშნავს პრაქტიკულად პატიმრის წამებას და ამ ყველაფრის დირიჟორი და შემსრულებელი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის დავალებით ასრულეს აღნიშნულს. მან კარგად უნდა იცოდეს, რომ არ შერჩება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობა. შესაბამისად, არ შერჩება საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოსპობა“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია დაახლოებით ერთ საათში დასრულდა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ბორჯომში, 2023 წლის 9 თებერვალი
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ბორჯომში, 2023 წლის 9 თებერვალი

ხელვაჩაურის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბოლქვაძემ მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს წევრებს მიმართა "აიღონ პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ ქვეყნის მესამე რეზიდენტს კლავენ ციხეში". მისივე თქმით მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის პატიმრობიდან და ქვეყნის „ქართული ოცნებისგან“ განთავისუფლების მოთხოვნაა.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ხელვაჩაურში. 2023 წლის 9 თებერვალი
"ნაციონალური მოძრაობის" აქცია ხელვაჩაურში. 2023 წლის 9 თებერვალი

პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ ხელვაჩაურით იწყებენ საპროტესტო აქციები აჭარაში. ხვალ აქცია დაგეგმილია ქობულეთში.

მკურნალობის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია დღეს ერთდროულად გაიმართა ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG