Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ გალერეასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია ეროვნულ გალერეასთან, 12 თებერვალი
საპროტესტო აქცია ეროვნულ გალერეასთან, 12 თებერვალი

რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ეროვნულ გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ განხორციელებული „თავისუფალი შემოქმედებითი აქტის მიმართ დაწყებული, სრულიად შეუსაბამო, სამართლებლივი დავის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ“.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძისგადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა.

მისი თქმით, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG