Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დასრულდა


თბილისში, საპატრიარქოს შენობაში, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხდომის შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„რა იყო საკითხები მე ვერ გეტყვით. მდივანი ჰყავდა სინოდს, წერს [ოქმს], მალე დაამთავრებს. სინოდის მოკლე სხდომა იყო. სულ სამი საკითხი იყო თუ არ ვცდები. საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, რაც პირდაპირ შეგვიძლია, გითხრათ, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობის 45 წლის იუბილე. ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი იყო ის, რომ სამძიმრის წერილს გავაგზავნით თურქეთის სახელმწიფოში, მაგრამ, პირველ რიგში კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს [გავუგზავნით], სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ცოტათი ამაზე ვისაუბრეთ. დანარჩენი, ისეთი, როგორ გითხრათ, ყოფითი საკითხები იყო", - თქვა ნიკოლოზმა.

შეკითხვაზე, პატრიარქობის გადაბარებაზე, ტახტის მემკვიდრეზე იყო საუბარი? მიტროპოლიტმა უპასუხა: „თქვენ მე მაიძულებთ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი: ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს".

როგორც მიტროპოლიტმა თქვა, სხდომაზე ისაუბრეს ზენონ იარაჯულის შესახებ. „იყო ძალიან მშვიდობიანად. აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსია და ამაზე განცხადებას გააკეთებს მდივანი. არაფერი არ თქმულა სხვა ეპარქიებზე“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, მიტროპოლიტმა თქვა, რომ ეს თემა საპატრიარქოს უფლებამოსილებას ცდება. „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ, მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ. დღესაც ვიყავი. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ. მეტი კიდევ რაღა უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან".

შეკითხვაზე, შეწყალების რეკომენდაცია ხომ არ გაიცემა? მიტროპოლიტმა უპასუხა: „არავითარი უფლებამოსილება არა გვაქვს სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები და არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია".

სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზად მიტროპოლიტმა პატრიარქის სისუსტე დაასახელა. „მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა“, - თქვა მან.

2-წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა დღეს პირველად გაიმართა.

XS
SM
MD
LG