Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა ანალიტიკურმა ცენტრმა მოსკოვის მიმართ მეზობლების დამოკიდებულება შეაფასა


მოსკოვი, კრემლი
მოსკოვი, კრემლი

კრემლთან დაკავშირებული რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (NIIRK), რომელიც მეორე წელია, საკომუნიკაციო რეჟიმს იკვლევს რუსეთის 14 მეზობელ ქვეყანასთან და მეგობრობის რეიტინგს აგდენს, რიგით მეორე კვლევას აქვეყნებს. ამის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) სათაურით, "არ შეიძლება უბრალოდ მეგობრები ვიყოთ? რუსულმა ანალიტიკურმა ცენტრმა მოსკოვის მიმართ მეზობლების დამოკიდებულება შეაფასა".

სტატიაში ნათქვამია, რომ მომზადებული კვლევით, მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ დაინახონ, თუ როგორ გაიზარდა, ან შემცირდა მათი ქვეყნის კეთილგანწყობა რუსეთის მიმართ გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ის, რომ 14 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ბელარუსია, ბოლოში კი უკრაინაა, გასაკვირი არაა. თუმცა, საინტერესოა სხვა ქვეყნების პოზიციაც. მაგალითად, კვლევის ავტორების აზრით, საქართველო, ქვეყანა, სადაც 2008 წელს რუსეთმა იომა ახლა მოსკოვისთვის "შედარებით მეგობრული" ქვეყანაა.

მეგობრობის რეიტინგში საქართველო 20 პუნქტით დაწინაურდა, რითაც გაუსწრო მოლდოვას და მე-9 ადგილი დაიკავა. კვლევითი ინსტიტუტი შენიშნავს, რომ გაუმჯობესებული პოზიცია "ეკონომიკური კომუნიკაციების განვითარებას" უკავშირდება იმ წელს, როდესაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების ეროვნულ დონეზე მიერთებაზე.

უკრაინის რეიტინგი -43,8-დან, რაც 2021 წლის მაჩვენებელია, -83,6-მდე დაეცა 2022 წელს.

მარტში, როდესაც რუსეთს უპრეცენდენტო სანქციები ემუქრებოდა უკრაინაში შეჭრის გამო, ვლადიმირ პუტინმა არამეგობრული ქვეყნების რეესტრის შექმნის ბრძანება გასცა, რასაც ის შემდეგ კონტრსანქციებისთვის იყენებდა.

ინსტიტუტი ირწმუნება, რომ კვლევა ეფუძნება მეზობლების მიერ რუსეთთან 10 სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის ანალიზს. ეს მოიცავს გარე პოლიტიკურ კომუნიკაციებს, "კომუნიკაციებს მედიაში", "კომუნიკაციებს განათლების სფეროში" და ასევე, მეზობელი ქვეყნების პოლიტიკას რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ ის იყენებს 60-ზე მეტ მაჩვენებელს რუსეთის 14 მეზობლის შეფასებისას, მაგრამ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, კვლევის მეთოდოლოგიის დაზუსტების შესახებ.

XS
SM
MD
LG