Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ვიდეომიმართვას ავრცელებს: ივანიშვილის ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი


ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი
ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ახალ ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეა, ამბობს, რომ პარტია "ქართული ოცნებისა" და მისი დამფუძნებლის ძალაუფლების გაძლიერებას მანაც შეუწყო ხელი. ვიდეომიმართვაში, რომელიც მან "ფეისბუკით" გაავრცელა, ის ამბობს, "ვერ დაუშვა", რომ ბიძინა ივანიშვილი დადგებოდა " პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს".

"იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის.

ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ!

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ და გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს!" - აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორი წლის წინ, 2021 წლის 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა. მან თქვა, რომ მასსა და გუნდს შორის ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა და თანამდებობას ამ მიზეზით ტოვებდა.

"გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის/ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ „ოცნება“ ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს; დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ყოფილა მათი მიზანი. ამ 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, 2 წლის თავზე სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო. ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან თავისუფალი აზრისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ. ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა - უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ თანამედროვე ევროპის ნაწილი", - თქვა გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში.

გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა. მის პრემიერობას წინ უძღოდა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევა - ამ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. აქციის დარბევის შემდეგ აქტივისტები 3 თვის განმავლობაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით მოითხოვდნენ შს მინისტრის თანამდებობიდან მის გადადგომას, თუმცა მმართველმა გუნდმა ის დააწინაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG