Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა


მიხეილ საკაშვილი
მიხეილ საკაშვილი

კლინიკა "ვივამედში", სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულებიდან 9 თვის წინ გადაიყვანეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინზე ისაუბრა, როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ასევე სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა.

"კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდან აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, შეთავაზებულია მკურნალობის აპრობირებული მეთოდები და პაციენტისთვის კეთდება ყველა კვლევა, რაც მას ესაჭიროება.

სამკურნალო პროცესი შედგება ორი კომპონენტისგან: პაციენტის მხარე და სამედიცინო პერსონალი. შემიძლია ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენი ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ უნდა იყოს ამ მიზნების თანხვედრა. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი მდგომარეობის გაუმჯობესება.

ძალიან ბევრი კითხვები გააჩნიათ ადამიანებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არის ის შედეგი, რაც გვაქვს - თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა უჭირს გადაადგილება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მისმა მკურნალმა ექიმმა.

"პაციენტი არის ძალიან დასუსტებული, მწოლიარე მდგომარეობაშია მეტწილად, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც განიცდის. ვეხმარებით, მაგრამ ეს რჩება. ყველაზე საგანგაშოა, რომ კვება არის არაბალანსირებული - თუმცა იღებს და ითვისებს, ღებინება იშვიათად დაფიქსირებულა.

ავუხსენით, რომ აუცილებელია მიიღოს სალათები - პაციენტს სჯერა, რასაც ვეუბნები და ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება", - თქვა თამარ დავარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ 20 თებერვლის მონაცემებით, მიხეილ სააკაშილი 67,2 კგ იყო, მასის ინდექსი კი 18,2 - "დღეისთვის ტენდენციაა დამძიმებისკენ, სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG