Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენმდივანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში

ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია. გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის გამო.

სესია 22 თებერვალს გახსნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, რომელმაც დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მას უწოდა მსოფლიო თანამეგობრობის კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა. გუტერეშის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და გამოწვევა ფუძემდებლური პრინციპებისა და ფასეულობებისთვის.

გენერალური მდივნის თქმით, გაერო ცალსახად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ. დოკუმენტი უკრაინამ და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა მოამზადეს. რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ რეზოლუციაში შესწორებას ითხოვს ბელარუსი. კერძოდ, ტექსტიდან იმ ნაწილის ამოღებას, რომელიც ეხება ომის გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე, დამატებას, რომ მშვიდობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოლაპარაკებით და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG