Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასიანოვი აკრიტიკებს ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციის შემდეგ გაკეთებული განცხადებისთვის


უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ომის წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის გამო. მან თქვა, რომ რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები "ქართული ოცნებიდან" რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ. კასიანოვის კრიტიკა შეეხო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ - დიპლომატმა თქვა, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო."

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინამ მიიღო უდავო მხარდაჭერა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული: მძლავრი თანამედროვე იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სახით, საერთო მტერზე - ფაშისტურ რუსეთზე უკრაინის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვების ინტერესებში.

ამასთან, მიუნხენში მხარი დაუჭირეს მშვიდობის მიღწევის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ნაწილში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების მიმართ პატივისცემის აღდგენის ძირითად გზებს, რაც ასახულია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ "მშვიდობის ფორმულაში" - თქვა ანდრი კასიანოვმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ თქვა, საქართველომ უნდა გაატაროს მხოლოდ ის ინტერესები, "რომლებიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება" იმის გათვალისწინებით, რომ "გამოსავალი არ ჩანს" და არავინ იცის, როდის დასრულდება ომი.

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას, ყველაფერი უკავშირდება უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღეს საუბარი არ იქნებოდა, ეს კარგად გვესმის. მოგეხსენებათ, მე ვიმყოფებოდი მიუნხენში, ვნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის 20 თებერვალს გაკეთებული განცხადება.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "უკრაინულ მხარეს არ მიუღია არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ."

კასიანოვმა ილაპარაკა დეფიტიზმის ფენომენზეც ( რიტორიკა, იმის შესახებ, რომ მაინც არაფერი გამოგვივა) ქართულ პოლიტიკაში და თქვა, რომ "საქართველოს მოქალაქეების მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართით, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი."

XS
SM
MD
LG