პარლამენტში "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვისას, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ საკუთარი გამოსვლა რიტორიკული კითხვით დაიწყო და სხდომის თავმჯდომარეს, დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს, ჰკითხა, რატომ არ უშვებდნენ მას მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში.
"ამ დარბაზში ახლა, ისევე როგორც ამ პარლამენტში, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც მე და ჩემი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხარში ვედექით და ვეხმარებოდით, როდესაც ისინი იყვნენ წინა მთავრობის ოპოზიციაში. მხარში ვედექით და ვეხმარებოდით მაშინ, როცა ისინი იყვნენ ამ მთავრობის ოპოზიციაში, ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში. ახლა ცოტა პარადოქსულია, რომ მე აქ შემოსვლისთვის დამჭირდა მთელი დღე იმის გადატანა, რაც ხდებოდა გარეთ და ეს არის სირცხვილი.
აქ იყო შეკითხვა, რა არის ამაში რუსული. მე გეტყვით: ეს არის მიზანი და სულისკვეთება. ამ ყველაფრის მიზანი რეალურად, სინამდვილეში არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე, პირადად, სულ რომ მარტო დავრჩე, სულ რომ მშიერი ვიყო, მაინც გავაგრძელებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას", - თქვა ლევან ცუცქირიძემ. მან ნიკოლოზ სამხარაძეს ასევე უთხრა, რომ არ უნდა დაავიწყდეს ყოფილი სტუდენტების წერილი, რომელშიც სთხოვდნენ, არ დაუჭიროს მხარი ამ რუსულ კანონპროექტს. ლევან ცუცქირიძემ ნიკოლოზ სამხარაძეს მოუწოდა, მოიქცეს ისე, რომ არ შერცხვეს სტუდენტებისთვის თვალებში ჩახედვის.
"იმ სტუდენტებთან ლაპარაკი უნდა შეძლოთ და არ უნდა შეგრცხვეთ, გვიან ღამით რომ მარტო დარჩებით", - ლევან ცუცქირიძის ამ ფრაზაზე ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ არ შერცხვება სტუდენტების და "ძალიან ღრმად ჩახედავს თვალებში."
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს ყოფილმა სტუდენტებმა 2 მარტს მიმართეს წერილით, 3 მარტს კი მისი ახლანდელი სტუდენტების წერილი გავრცელდა - ახალგაზრდებმა ბოიკოტი გამოუცხადეს დეპუტატ ლექტორს და უარს ამბობენ მისი სალექციო კურსის გავლაზე.