Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციის 4 მონაწილე დააკავეს


აქცია პარლამენტთან, 2023 წლის 2 მარტი
აქცია პარლამენტთან, 2023 წლის 2 მარტი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობდნენ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ დაიწყო.

დემონსტრანტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი იძულებით გაიყვანეს პარლამენტის მანდატურებმა. ამასთან, დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს.

პროტესტის მიუხედავად, კომიტეტების სხდომა გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.

პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგიური იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

XS
SM
MD
LG