Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს


ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი"
ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს“, მაგრამ „ოპოზიცია აფხაზეთში ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს“.

რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" თანახმად, ამის შესახებ ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა „პარლამენტში“, „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას. მანამდე ცნობილი იყო, რომ "კანონპროექტი" პირველ მოსმენაზე ჩავარდა. დეპუტატებმა შემოთავაზებული ცვლილებები საზოგადოებაზე იდეოლოგიური წნეხისა და თავისუფალი აზრის შეზღუდვის მცდელობად შეაფასეს.

ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ისე ვართ დაცული, რომ საერთოდ არაფერი გვემუქრება, და ეს იმის მიუხედავად, რომ უკვე ბომბები და ჭურვები ცვივა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის (რუსეთი. რედ.) ტერიტორიაზე. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აქ (აფხაზეთში. რედ) ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს. რაღაცის შეჩერება მოვახერხეთ. მაგრამ რა, აფხაზეთის უსაფრთხოების უწყებები უცხოური მასალაა? იქ მოწვეული მანქურთები მსახურობენ თუ აფხაზეთის მოქალაქეები არიან? გავიდა ჩვენთან კანონი "ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"? მასშიც ხომ არ არის საუბარი „ჭანჭიკების მოჭერაზე“, ადამიანებისთვის თავისუფლად ფიქრის, თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე. ისიც ხომ რაღაც მიზეზებით ვერ გავიდა“, - განაცხადა ბჟანიამ.

მას მიაჩნია, რომ „პარლამენტმა“ ორივე კანონპროექტს უნდა დაუჭიროს მხარი.

უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და პრევენციული ზომები არასდროსაა ზედმეტი. არ ვიცი ვინ და რატომ განიცდიდა შეშფოთებას. ნუთუ შეგვიძლია აფხაზეთის მთავრობის სისტემას რეპრესიული ვუწოდოთ? ნუთუ არ ვამჩნევთ, რომ ხალხი ყველაფერს ლაპარაკობს, რაც უნდა და სადაც უნდა. დაუსჯელად შეურაცხყოფენ ნებისმიერს. ვის ჩამორთმევია მსგავსი უფლება, როცა გამოხატვა სურდა? როდის მომხდარა ასეთი, მიკარნახეთ? ჩვენ საბიუჯეტო მუხლი გვაქვს, ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას. ასე ევროპაშიც კი აღარაა, არც - რუსეთში, ჩვენ კი ვაფინანსებთ დამოუკიდებელ მედიას. ისინი ხომ თავიანთ არხებზე ხელისუფლებაზე უსიამოვნოდ და უსამართლოდ საუბრობენ“, - დაამატა ბჟანიამ.

ზოგმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. არაერთი ქართველი პოლიტიკოსი მმართველი პარტიიდან აცხადებს, რომ საქართველოს ომისკენ დასავლეთიც მოუწოდებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს და ემიჯნება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე - დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG