Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა დანიშნეს - დღის წესრიგში ერთი საკითხი იქნება


საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ხვალ, 10 მარტს, ბიუროს სხდომა დაინიშნა. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება".

როგორც პარლამენტის აპარატი იუწყება, 10 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვეს.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გააფორმოს პოლიტიკური გადაწყვეტილება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის „ჩაგდების" შესახებ.

9 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
XS
SM
MD
LG