Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" - რუსი მოხალისეებისგან შემდგარი დანაყოფი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მოქმედებს.

ახლა ამ ორგანიზაციის ყველა წევრს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაული, რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის 205.4 მუხლით გათვალისწინებული სასჯელი დაეკისრება. ლეგიონის რიგითი მონაწილეებისთვის სანქცია 10 წლამდე პატიმრობას, ორგანიზატორებისთვის კი 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე დროს, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ ორგანიზაციას და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინებენ. ეს უნდა გაკეთდეს დაკავებამდე ან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაწყებამდე.

რუსეთის უზენაეს სასამართლოს ამ ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ლეგიონი შეიქმნა უკრაინაში "რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის საფუძვლების შელახვის, ქვეყანაში მთავრობის დამხობის მიზნით, მათ შორის ტერორისტული აქტების ჩადენით".

ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ წარმომადგენლები მიზნად ისახავენ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონების განთავისუფლებას, ასევე ბრძოლას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, რომელმაც, როგორც ლეგიონის მანიფესტში ნათქვამია, "გაანადგურა არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკა, არამედ მოუსპო რუსებს განვითარების შესაძლებლობა და ბედნიერი მომავლის უფლება."

XS
SM
MD
LG