Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზმაუს სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა დირექტორისგან მოითხოვა გვიმრაძეზე მოხსენებითი ბარათის მომზადება


გიორგი გვიმრაძე, „პირველი არხის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი
გიორგი გვიმრაძე, „პირველი არხის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი

„პირველი არხი" განცხადებით ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების - ლიკა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის ერთობლივ განცხადებას. მათ არხის დირექტორისგან, თინათინ ბერძენიშვილისგან მოითხოვეს, წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი „პირველი არხის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის შესახებ. „ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს", - თქვა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ სამეურვეო საბჭოს კიდევ ორი წევრის სახელითაც.

„პირველი არხის" საპასუხო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ევროპული ინსტიტუცია და მისი მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო. იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „პირველი არხი" აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს სამი წევრის მოწოდებას თანამშრომლებზე ზეწოლად აღიქვამს.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურებოდეს მრავალფეროვანი მოსაზრებების ტრანსლირებას და პლურალიზმს. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებისთვის და რადიკალური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. ამ თვალსაზრისით შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს სხვა ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც გააკეთა – მოითხოვა არხის წამყვანის და ჟურნალისტის მრწამსის დადგენა და, შესაბამისად, მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად. ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას. ასევე, საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია", - ვკითხულობთ „პირველი არხის" განცხადებაში.

16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ თქვა, რომ განცხადებას აკეთებს თავისი, ასევე ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით.

„მე მსურს, მე, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს გვაინტერესებს, თინათინ ბერძენიშვილმა, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა, წარმოადგინოს თავისი შეხედულება, დამოკიდებულება, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ მოხსენებითი ბარათი. ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს, შემიძლია, ციტირებაც მოვიტანო, თუ საჭირო იქნება, წერილობითაც. ამას ბევრი ადამიანი ეხმიანება და ბევრი შეკითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს, - თქვა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ და დაამატა, - 85 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ვართ ევროინტეგრაციის კურსის მომხრე და ამიტომ მაინტერესებს. მინდა, ქალბატონმა თინათინმა მოამზადოს მოხსენებითი ბარათი, მოიკვლიოს ეს საკითხი, გაარკვიოს, რა არის ამ ადამიანის საგარეო ორიენტირი, რა არის მისი მრწამსი, რა არის მისი მისწრაფება. აქედან გამომდინარე, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გზას, ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს საგარეო კურსს, ეს არ მოდის თანხვედრაში მაუწყებლის პრიორიტეტებთან, რომელიც მაუწყებელმა მოიკვლია, დაადგინა, დაამტკიცა და გვაქვს გაწერილი. აქედან გამომდინარე, ვისურვებ, უახლოეს მომავალში იყოს მომზადებული და ჩვენთან მოხსენება გაკეთებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG