Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო ტურაშვილი უკეთაა, მაგრამ კლინიკაში რჩება - სოფო ხუნწარია


დათო ტურაშვილი, მწერალი
დათო ტურაშვილი, მწერალი

მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "მე-17 სართული" გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, სოფო ხუნწარია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტურაშვილი ახლა უკეთ არის, თუმცა მაინც საავადმყოფოში რჩება. მისივე ცნობით, ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ იციან, რადგან კვლევები უტარდება.

"ძალიან ემოციური ეთერი ჰქონდა და ცუდად გახდა. ნახევარი საათით ადრე დავასრულეთ ეთერი და სასწრაფოთი გადავიყვანეთ", - ამბობს ხუნწარია.

დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია:

"მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.

ფორმულას ეთერიდან, გადაცემა “მე-17 სართულიდან”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.

ისევ გავიმეორებ, რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ. ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას".

დღეს, 19 მარტს გადაცემის მსვლელობისას, რუბრიკაში "ტურიკას წიგნები" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა:

"3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათაშორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომმ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით? საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG