Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნიას თქმით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის („რესპუბლიკური საავადმყოფოს") საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. იაშვილის კლინიკაში ყოფნისას თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. მისი თქმით, კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს „რესპუბლიკური საავადმყოფო" მდებარეობს.

„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე - დასაქმების კუთხით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს" კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომლებმა კი ამ დრომდე არ იციან, სად გააგრძელებენ მუშაობას ახალი შენობის აშენებამდე და იმუშავებენ თუ არა განახლებულ კლინიკაში.

საავადმყოფო თბილისის ცენტრალურ უბანში - საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს.

XS
SM
MD
LG