Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის ჯარებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ კონტრიერიშის დაწყება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2023 წ. 24 მარტი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2023 წ. 24 მარტი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ კონტრიერიშის დაწყება, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის გამოცემა Yomiuri Shimbun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას რთული უწოდა და ახსნა, რომ იერიშისთვის მზადება ამუნიციის ნაკლებობით არის გამოწვეული. „ამუნიციას ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან,“ თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვებს იყენებს, ვიდრე უკრაინის ჯარები.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ „უკრაინა თავის მამაც დამცველებს კონტრიერიშზე ვერ გაგზავნის საკმარისი რაოდენობის შეიარაღების გარეშე“.

მანამდე უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთეს განცხადებები, რომ უკრაინის კონტრიერიში აპრილ-მაისში შეიძლება დაიწყოს. მის სავარაუდო მიმართულებად მრავალი ექსპერტი მიიჩნევს სამხრეთს - ზაპოროჟიესა და, შესაძლოა, ხერსონის ოლქებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, შაბათს უკრაინელ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას მოუწოდა, სამხედროებსა და პოლიტიკოსებს ნუ ეკითხებიან უკრაინის ჯარების სავარაუდო კონტრიერიშის თარიღს. მისი თქმით, ასეთი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების სარდალსა და თავდაცვის მინისტრს.

მალიარმა წინასწარ გამოუცხადებელი წარმატებული ოპერაციის მაგალითად დაასახელა შარშან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში განხორციელებული კონტრიერიში, რის შედეგადაც უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა პრაქტიკულად ოლქის მთელს ტერიტორიაზე.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ მორიგ მიმოხილვაში შაბათს განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, რუსეთის ჯარები თავდაცვით ოპერატიულ გეგმაზე გადადიან. ანგარიშში კერძოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ბახმუტის შტურმი პრაქტიკულად შეჩერდა მას შემდეგ, რაც იერიშის მცდელობებმა შედეგი ვერ მოიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ბახმუტის მიმართულებაზე შემცირდა საბრძოლო შეტაკებები. მაგრამ, მისი თქმით, ბახმუტთან რუსეთის ჯარების გამოფიტვის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის განცხადება „დაზუსტებას საჭიროებს“. უკრაინის მხარეს კვლავაც მიაჩნია, რომ ბახმუტი რუსეთის ჯარების მთავარი იერიშის მიმართულებად რჩება.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ქალაქის ნაწილი დაიკავა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“. მაგრამ ცენტრი კვლავაც უკრაინის კონტროლქვეშაა. მართალია, ბახმუტში შემავალი გზები ცეცხლქვეშაა, მაგრამ ქალაქი არ არის ალყაში მოქცეული. ბახმუტთან ბრძოლებში ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდის. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის თანახმად, რუსეთის დანაკარგები ბევრად მაღალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG