Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლისთვის მზადაა


ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის, მათ შორის ჟურნალიტს თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია „POSTV“-ის დამფუძნებელისა და დირექტორის შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოჰყვა.

სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“,- ნათქვამია სახალხო დამცველი წერილში.

ომბუდსმენის თანახმად, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ“.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს.

გასულ კვირაში "ტაბულას" ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი ამ საჯარო პოსტის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სხვა ქალებმაც გაიხსენეს შალვა რამიშვილთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილება. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, გვანცა ბუდაღაშვილმა რამიშვილთან მიმოწერის სქრინები ღიად გამოაქვეყნა.
ამ ამბავს კომენტარები მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდანაც. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თქვა, რომ მისთვის „არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე“.
„ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.
ხოლო საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ „ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა“.
წილოსანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ დადასტურების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ნებისმიერი დანაშაული სათანადოდ დასჯილიყო.

სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენების მედია გაშუქების საკითხზე.

მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ჟურნალისტ, თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებენ ქალი დეპუტატებიც და გმობენ მასზე განხორცილეებულ ძალადობას. თათია სამხარაძემ რამდენიმე წლის წინ ორი ინსტანციის სასამართლოში შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო საქმე მოუგო.

ქალი დეპუტატები სოლიდარობას უცხადებენ სექსუალური შევიწროვების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლ ყველა ქალს.

ისინი ასევე გმობენ, მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროვების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. ქალებმა შალვა რამიშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალური ხასიათის შევიწროებაში.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში, და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს, რითიც ეუბნება ძალადობისდა დისკრიმინაციის ყველა მსვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავ წარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს – უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროვებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს,“- ნათქვამია ქალი დეპუტატების განცხადებაში.

ისინი საგამოძიებო უწყებებისგან „თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებული დევნის ოპერაციის“ შეისწავლას და სამართლებრივი შეფასების მისცენ, ამასთან შალვა რამიშვილის სახელთან დაკავშირებული სხვას ქალების ბრალდებების, მათ შორის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის შეისწავლას და სამართლებრივი შეფასება მიცემას მოითხოვენ.

განცხადებას ხელს აწერენ: დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია.

თათია სამხარაძის თქმით, მისი როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დახმარებითვის ფეიბუკის პირადი გვერდიდან მიმართა.

სამხარაძემ დღეს 27 მარტს, დაწერა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან ტელეკომპანია „პოსტივის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი „ყარაულობს სადარბაზოსთან“ „ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, Salome Zourabichvili დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!“, - დაწერა თათია სამხარაძემ.

პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ადგილზე მისულ მედიის სხვა წარმომადგენლებს "POSTV"-ის გადამღები ჯგუფი აღარ დახვდათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება "POSTV“-ის ჟურნალისტების მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და შსს-ს მოუწოდებს შესაძლო დანაშაულებზე (ცრუ დასმენის/ადევნების) დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

თათია სამხარაძის ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის ფონია, 24 მარტს ღამით ტელეკომპანია „პოსტივის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს შესაძლოა გატაცებული ჰყავდა თათია სამხარაძე.

ტელეკომპანია „პოსტივი“ ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. ... გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.

დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.

გატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.

თათია სამხარაძე და დიმიტრი ჩიქოვანი ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტენ თუ როგორ უპასუხებს მომხდარს.

25 მარტს განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომლის მიხედვითაც, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

25 მარტს ტელეკომპანია "ფორმულის" გადაცემა "შაბათის ფორმულამ" გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის თანახმად ასახავდა შალვა რამიშვილის მიერ კიდევ ერთი ქალის ანანია გაჩეჩილაძის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას.

"ფორმულის" თანახმად ჩანაწერი "POSTV"-ის ოფისში 2018 წელსაა გაკეთებული შალვა რამიშვილის კაბინეტში, იმ დროს როცა ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად იყო დაბარებული. "შაბათის ფორმულის" თანამხად ჩანაწერი დაახლოებით 2 საათიანია. შეიცავს მძიმედ მოსასმენ ეპიზოდებს, რის გამოც მას სრულად არ ასაჯაროებენ, ამასთან მზად არიან ჩანაწერი სამართალდამცავ უწყებებს გადასცენ. ტელეკომპანისთან სატელეფონო კომენტარში ანანია გაჩეძილაძემ. ჩანაწერის ავტენტურობა დაადასტურა.

"შაბათის ფორმულის" სიუჟეტს შალვა რამიშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამოეხმარა და განაცხადა, რომ “ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან”.

“დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა – არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები “წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე”, – დაწერა შალვა რამიშვილმა ფეისბუკის გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG