Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის მოადგილეები ომბუდსმენის აპარატს ტოვებენ


გიორგი ბურჯანაძე, ეკა სხილაძე
გიორგი ბურჯანაძე, ეკა სხილაძე

სახალხო დამცველის მოადგილეები, ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე ფეისბუკზე წერენ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ, დატოვონ ომბუდსმენის აპარატი.

ეკატერინე სხილაძემ სახალხო დამცველის აპარატში 9 წელი იმუშავა .

"რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემა და წამოდგომა; უფრო მეტი - წარმატება.

მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ.

არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს" - წერს ეკატერინე სხილაძე ფეისბუკში, მადლობას უხდის კოლეგებს და ამბობს, რომ რჩება ადამიანის უფლებების სფეროში.

5 წლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს ომბუდსმენის აპატარს გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის, ვინც პარლამენტში გაიარა შერჩევის პროცედურები - პარლამენტმა ეს პროცესი ჩააგდო და რამდენიმე თვის შემდეგ მხარი დაუჭირა პარტია მოქალაქეების წევრს, ლევან იოსელიანს ომბუდსმენის პოსტზე.

გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ მან ახალი სახალხო დამცველი თავიდანვე გააფრთხილა, რომ 31 მარტამდე დარჩებოდა ამ პოსტზე, წამოწყებული საქმეების დასამთავრებლად და საპარლამენტო ანგარიშის მოსამზადებლად.

"მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ.

ყოველთვის ვიამაყებ - რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი.

დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი. 2018 წელს დავისახე მიზნად რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ გამომივიდა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში რომელიც მადლობას მეუბნება საქმიანობის გამო" - წერს გიორგი ბურჯანაძე ფეისბუკზე და წარმატებას უსურვებს ახალ სახალხო დამცველს. ბურჯანაძე არ აკონკრეტებს რა იქნება მისი მომდევნო სამსახური, მაგრამ ამბობს, რომ "თემატიკა და მიზანი" იგივე იქნება.

"ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო არაუშავს რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება" - წერს გიორგი ბურჯანაძე.

სახალხო დამცველს სულ სამი მოადგილე ჰყავს. ამ ეტაპზე უცნობია, დარჩება თუ აპარატში მესამე მოადგილე, თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა. უცნობია ისიც, ვის დანიშნავს ახალ მოადგილედ ლევან იოსელიანი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალ მოადგილეების წარდგენას სახალხო დამცველი 1 აპრილს აპირებს.

XS
SM
MD
LG