Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა


ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი. 31 მარტი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი. 31 მარტი, 2023 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ეს გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო და გამოაცხადა, რასაც დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან ხმაური მოჰყვა, ისმოდა სტვენა და შეძახილები: "რუსებო", "მონებო".

საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

სასამართლოს სხდომის პარალელურად, ეზოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
სასამართლოს სხდომის პარალელურად, ეზოში ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე ვრცელი სიტყვით არ ისარგებლა, მოსამართლეს უთხრა, რომ ადვოკატების პოზიციას იზიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახალი ჩვენების მიცემა სურს.

"ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისს, 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა.

გამოძიების ვერსიით, 2002 წელს დაბადებულმა 21 წლის ახალგაზრდამ, 7-9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG