Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისისთვის თმის გადაპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა


ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომაზე, 31 მარტი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომაზე, 31 მარტი, 2023 წელი

7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის და პოლიციის მანქანის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის საპატიმრო დაწესებულებაში განთავსებისას თმის გადაპარსვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ რადიო თავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, თათია მანეჟაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი თმის გადაპარსვის შესახებ ინფორმაცია საპატიმრო დაწესებულებაში მისი პირველად მონახულების შემდეგ გაავრცელეს, პენიტენციურმა სამსახურმა ამ ინფორმაციის პასუხად თქვა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდა კაცმა საკუთარი სურვილით ისარგებლა პარიკმახერის მომსახურებით. გასულ კვირაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოკვლევისთვის იყო შესული ლაზარე გრიგორიადისთან, რასაც გამოძიების დაწყება მოჰყვა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის ამ საქმეზე გახდა ცნობილი, არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოებაში არ მიიღოს სარჩელი, რომლითაც დაკავებულის ადვოკატები მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებდნენ. ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი ჯერ არ ჩაბარებიათ.

დღეს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით აქციაა დაგეგმილი პარლამენტის წინ. აქციის თავდაპირველი ადგილი მთავრობის კანცელარია იყო, რომელიც მას შემდეგ შეიცვალა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან სამშენებლო არმატურა და სილის ტომრები გამოჩნდა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ადგილას სკვერის გაკეთება იგეგმება და ტერიტორია ამისთვის უნდა შემოიღობოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG