Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს


რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდის სასჯელს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამკურნალოდ გაათავისუფლოს. როგორც "მედუზა" წერს, ნავალნის ასეთი მიმართვის შემცველი პოსტი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ არ იცნობს სააკაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს, ასევე "სუსტი წარმოდგენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე", მაგრამ გადაწყვიტა, გამოეხატა აზრი, „როგორც პიროვნებასა და ქრისტიანს."

„საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის მჯერა. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც აყვავებისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (სად არ არის იგი?) მშვიდობიანად და სასიკეთოდ გადაწყდება.

მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, აი, ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ევროპულ არჩევანს ურტყამს, განვითარებას ურტყამს, ნორმალური მომავლის შანსებს ამცირებს. მორალურ მდგომარეობას ამცირებს და ქვეყანას სიბრაზით ავსებს”, - წერს ნავალნი.

შექმნილ ჩიხურ ვითარებაში, ნავალნის აზრით, "ყველაზე სწორი იქნებოდა" სააკაშვილის სამკურნალოდ გამოშვება განაჩენის გადავადებით ან რამე მსგავსის გაკეთება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, კანონი დაიცვან და სახე შეინარჩუნონ. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს ქრისტიანული შეწყალებისა და მშვიდობისმყოფელების სულით ეს ნაბიჯი გადადგან", - წერს ნავალნი.

ალექსეი ნავალნი პატიმრობაში 2021 წლის იანვრიდან იმყოფება.

2022 წლის ივნისში ნავალნი პოკროვის საერთო რეჟიმის კოლონიიდან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, მელეხოვში. თავის სისხლისსამართლებრივ დევნას ნავალნი და მისი მომხრეები პოლიტიკურად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG