Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანიდან მოხერხდა ამერიკელი დიპლომატების გაყვანა


ხარტუმი, სუდანი.
ხარტუმი, სუდანი.

"ამერიკელმა სამხედროებმა ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახების ევაკუაცია მოახდინეს", - განაცხადა სუდანის შეიარაღებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ (RSF), რომლის თქმითაც, ევაკუაციისთვის ექვსი თვითმფრინავი გამოიყენეს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს ხარტუმიდან. აშშ-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიგით მეორე ევაკუაცია, გასულ კვირას სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის შემდეგ. 22 აპრილს 150-ზე მეტი მოქალაქე, დიპლომატი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელი საზღვაო გზით იქნა ევაკუირებული საუდის არაბეთის პორტ ჯედაში. საუბარია ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეებზე.

სუდანში არიან ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებიც - ავიაკომპანიების MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის თანამშრომლები. როგორც ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, ავიაკომპანია ელოდება დასტურს, რომ თანამშრომლების შენობიდან გასვლა უსაფრთხოა, რის შემდეგაც დაიწყება მათი ევაკუაცია.

„მუდმივ კავშირზე ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ველოდებით უკვე ოფიციალურ დადასტურებას, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და შესაძლებელია შენობიდან გამოსვლა. ველოდებით გაეროდან დადასტურებას, რომ ერთობლივი ევაკუაცია განხორციელდეს. ჩვენ შემთხვევაში, უნდა მოხერხდეს საჰაერო ხომალდთან მისვლა, დათვალიერება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვფრინავთ თუ ალტერნატიული გზით ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას. ეს დამოკიდებულია უსაფრთხო დერეფანზე, თუ გვექნება ოფიციალური დადასტურება, რომ შესაძლებელია შენობის დატოვება. ყოველ წუთს ველოდებით პასუხს“, - განაცხადა შალვა კიკნაძემ.

ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტი სუდანში საბრძოლო მოქმედებების გამო დაიკეტა და უცხოეთის საელჩოებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა, ვერ შეძლეს თავიანთი მოქალაქეების შინ დაბრუნება.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG