რუსეთ-უკრაინის ფრონტზე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ჟურნალისტი, სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოს თანამშრომელი ალექსანდრ ბონდარენკო დაიღუპა. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადეს უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა და დაღუპულის მეგობრებმა და კოლეგებმა.
"ალექსანდრე პროფესიით უკრაინელი ფილოლოგია, სწავლობდა ლუგანსკის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მუშაობდა რამდენიმე უკრაინულ ტელეარხზე. ჟურნალისტიკაში მან დაიწყო რადიო წამყვანად მუშაობა FM რადიოში, ლუგანსკში, მუშაობდა უკრაინის საჰაერო ძალებში, შემდეგ ტელე-რადიოკომპანია “უკრაინაში“. სრულმასშტაბიანი რუსული შემოჭრის პირველი დღიდან იგი ფრონტზე იმყოფებოდა, როგორც კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენელი“, - განაცხადეს უკრაინის ჟურნალისტთა ასოციაციაში.
არ არის ცნობილი, ზუსტად სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა ალექსანდრ ბონდარენკო.
მარტში მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 49 მედიამუშაკი დაიღუპა: რვა მათგანი – ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, 41 – როგორც საომარი მოქმედებების მონაწილე ან გახდა რუსული დაბომბვის მსხვერპლი არაჟურნალისტური მოვალეობების შესრულებისას.
ოთხშაბათს უკრაინაში, ქალაქ ხერსონთან, რუსეთის არმიის მიერ ანტონოვსკის ხიდისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს კორესპონდენტის ადგილობრივი ასისტენტი ბოგდან ბიტიკი.
გამოცემის კორესპონდენტი კორადო ზუნინო, რომელიც რეპორტაჟს ამზადებდა უკრაინის ჯარის მიერ გათავისუფლებულ ხერსონში სამოქალაქო მოსახლეობის ყოფის შესახებ, მხარშია დაჭრილი და საავადმყოფოში მოათავსეს.