Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახი უდანაშაულოდ მიიჩნევს ურანის გასაღების საქმეზე დაკავებულს


ნელი ადამია, ურანის გასაღების ბრალდებით დაკავებული ილია ბელქანიას დედა
ნელი ადამია, ურანის გასაღების ბრალდებით დაკავებული ილია ბელქანიას დედა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრები, 52 წლის ილია ბელქანიაა. მისი მშობლები აცხადებენ, რომ შვილი ბოლოს ხუთშაბათს, 27 აპრილს, ნახეს. მათი თქმით, ილია ბელქანია ხუთშაბათს ფოთში ნათესავების მოსანახულებლად წავიდა.

დაკავებულის დედა ნელი ადამია ამბობს, სწორედ ამ დღეს დააკავეს მისი შვილი, თუმცა დედა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მას ილია ბელქანიას დაკავების შესახებ სამართალდამცველებმა 27 აპრილსვე შეატყობინეს, როდესაც მათი სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ. დაკავებულის მშობლები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა სახლში ვერაფერი იპოვეს:

"აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი, ხუთშაბათს წავიდა აქედან და ორ საათზე დამირეკა. მე ავადმყოფი ვარ, მის გარეშე არ შემიძლია, წნევა მიწევს და ცუდად ვხდები. ის იყო ჩემი პატრონი. დამირეკა დღის ორ საათზე და მითხრა, რომ საღამოს მოვიდოდა. თუმცა მოგვიანებით აქ ხალხი მოვიდა. მეუღლისთვის უთქვამთ, რომ ბავშვი დაკავებული იყო. მე გადაადგილება მიჭირს, შემოვიდა გამომძიებელი და მითხრა, არ ინერვიულო, დაიჭირეს ბავშვი, მაგრამ ნუ გეშინიაო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ჩხრეკაზე ვართ მოსულიო. ყველაფერი არეულ-დარეულია, არაფერი არ უნახავთ, არაფერი არ ამოუღიათ. რატომ დააკავეს არ ვიცი. არა მგონია ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. ასეთს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა. ამას არ გააკეთებდა. შენს ხალხს ეს როგორ უნდა გაუკეთოო. არა, გამორიცხულია, არ გააკეთებდა. ფოთში ბევრი ნათესავი გვყავს, რაღაცაზე დადიოდა ბავშვი. ინვალიდია ჩემი შვილი, ხერხემლის გამრუდება აქვს, 6-ჯერ ნაოპერაციებია. ამბობდა, ახლა ისეთ საქონელს ვიყიდი, რომ ჩემი ჯანმრთელობა დავაყენო ფეხზეო. ჩვენ რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ალბათ, ფიქრობდა ამას. ჯოხით დადის, ავადმყოფია. არსად არ მუშაობს. 52 წლის არის. ვინმესთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი, არ ვიცი", - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის დედამ ნელი ადამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა დღეს, 1 მაისს, გავრცელა ინფორმაცია მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელიც რადიაქტიური ნივთიერების - ურანის - გაყიდვას ცდილობდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა - "დაკავებული პირი ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება".

XS
SM
MD
LG