Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიანსკის ოლქში კვლავ ააფეთქეს რკინიგზა, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა


რელსებიდან გადავარდნილი სატვირთო მატარებელი ბრიანსკის ოლქში. 2 მაისი, 2023.
რელსებიდან გადავარდნილი სატვირთო მატარებელი ბრიანსკის ოლქში. 2 მაისი, 2023.

ბრიანსკის ოლქში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მეორედ მოხდა აფეთქება რკინიგზაზე. რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ „სნეჟეცკაიას სადგურის რაიონში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა“. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.

„რუსეთის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ ელმავალი და 20-მდე სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ღია აალება არ არის, მოძრაობა სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგის მონაკვეთზე შეჩერებულია.

„ადგილზე მუშაობენ საქალაქო სახანძრო ბრიგადები, გაგზავნილია ასევე სახანძრო მანქანა და ორი სარემონტო მატარებელი“, - ნათქვამია „რუსეთის რკინიგზის“ განცხადებაში.

ტელეგრამის არხი "ბაზა" ირწმუნება, რომ ამობრუნებული ვაგონებიდან, სავარაუდოდ, გოგირდი და ნიტრატი დაიღვარა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გადავარდნილ ვაგონებსა და დაღვრილ ნივთიერებებს აცივებს. „ბაზის“ ინფორმაციით, რკინიგზის ლიანდაგზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა.

1 მაისს ბრიანსკის ოლქში აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც, სხვათა შორის, ნავთობპროდუქტებიც გადაჰქონდა. ალექსანდრ ბოგომაზმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბრიანსკ-უნეჩის სარკინიგზო ხაზზე აფეთქდა ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა. არავინ დაშავებულა.

ბრიანსკის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. შარშან უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა რეგიონში რკინიგზის ლიანდაგებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შესახებ. კერძოდ, ოქტომბერში აფეთქება მოხდა ნოვოზიბკოვისა და ზლინკის სადგურებს შორის მონაკვეთზე. ამ ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა დივერსიაზე, მან განაცხადა, რომ ამის უკან იდგნენ დამოუკიდებელი პარტიზანები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.

XS
SM
MD
LG