Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ოფისში უარყოფენ, რომ მას "ევროვიზიის" მაყურებლებისადმი მიმართვა სურდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არ ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიმართვა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგი ნიკიფოროვი ფეისბუკზე წერს, რომ პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის წინადადებით.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ეხმაურება კონკრეტულად გამოცემა The Times-ის ინფორმაციას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის ვიდეოკავშირით მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.

ამასთან, თავად კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის(EBU) ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოქვეყნებულია განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა, მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება და კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი გამორიცხავს "ევროვიზიის" ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას.

"ევროვიზია 2023" უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra. უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა.

XS
SM
MD
LG