Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ტოვებენ ფრაქციას „ენმ - ძალა ერთობაშია"


როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ნიკა მაჭუტაძე. 2021 წელი
როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ნიკა მაჭუტაძე. 2021 წელი

ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშია“ რიგებს ტოვებენ დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე. ისინი პარლამენტში ბლოკში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არიან არჩეული, „სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით.

ამ სამმა დეპუტატმა (და მათმა კიდევ ორმა ოპოზიციონერმა კოლეგამ) საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას. მაჭუტაძე ტყუილს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის და მისი კოლეგები „ქართულ ოცნებას" გაურიგდნენ.

მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად პარლამენტში მიმდინარე პროცესზე.

„ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა მოდელებსა და ფორმულებზე. მათ შორის იყო (5 ასარჩევი არამოსამართლე წევრიდან) ახალ, ასარჩევ კანდიდატებს შორის განაწილება 3/2-ზე, იყო ფორმულა 4/1-ზე, რომელიც ყველაზე აქტუალური იყო, სხვათა შორის. საკითხის კონსენსუსით გადაწყვეტას ითვალისწინებდა ევრორეკომენდაციების დღის წესრიგი. ამ პარლამენტში, ჩვენ ყოველ შემთხვევაში, არ გაგვიგია, რომ კონსენსუსს სხვაგვარად უყურებდნენ, თუ არადა, გადანაწილებას ე.წ. ოპოზიციური კვოტისას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ოპოზიციური კვოტა, - თქვა მაჭუტაძემ და დაამატა, - ჩვენ ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, ოღონდ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა არ ვიყავით ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ვიცოდით, რომ საკითხი აქეთ უნდა წასულიყო. ოპოზიციისთვის გარკვეული მისაღები კანდიდატურები ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად გავიარეთ... ამასთან ერთად, საზოგადოების რეაქციასთან ერთად, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ შესაძლოა, ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო, რასაკვირველია, ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმა არავის არ მივცეთ. ასეთი შეთანხმება არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები და არც ინფორმირებულები ვიყავით".

მაჭუტაძე სამი კანდიდატისთვის ხმის მიცემას შეცდომას უწოდებს. „ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ (რახან ეს არის ევრორეკომენდაციის, 12 პუნქტის საკითხი), მივცემდით ხმას სიაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში... რადგან ინფორმირებულები არ ვიყავით, ამიტომ მოხდა ეს შეცდომა. ამას მე ვაღიარებ პირად პოლიტიკურ შეცდომად, თუმცა მოდელი 3/2-ზე (მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ის სამი) და 4/1-ზეც კი, ჩემი ინფორმაციით, ამ მოდელზე გარკვეული ოპოზიციური დეპუტატები თანახმა იყვნენ", - თქვა მან.

დეპუტატი ვერაფერს ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ სამ ახალარჩეულ წევრზე, რომლებსაც თავად მისცა ხმა.

„როგორც კი დავინახეთ, რომ ოპოზიციური აზრი იყო სხვაგვარი, იმწუთას გამოვედით სხდომათა დარბაზიდან“, - დაამატა მაჭუტაძემ.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

არჩეული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია:

  1. ტრისტან ბენაშვილი - 93 მომხრე;
  2. გიორგი გზობავა - 91 მომხრე;
  3. ზურაბ გურასპაშვილი - 93 მომხრე.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

პარლამენტის წევრი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" "იყიდა".

დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. სამი მათგანი (ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე) ადასტურებს არჩეული წევრებისთვის ხმის მიცემას. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა მათ ვინაობას არ აზუსტებს. ამავე ბლოკით არჩეული დეპუტატი დილარ ხაბულიანი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ცნობით, მხარ დაუჭირა იუსტიციის საბჭოს არჩეულ არამოსამართლე წევრებს, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა.

პარლამენტში ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომა გამართა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დევი ჭანკოტაძემ მედიასთან თქვა, რომ „აქედან ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ. ახლა ამაზე მიდის სწორედ ლაპარაკი. ფრაქციის შეკრებას ველოდებით, რომ უმრავლესობა ადგილზე იყოს. ველაპარაკებით, რომ თვითონ დატოვონ ფრაქცია. თუ ასე არ მოხდა, ჩემი და უმრავლესობის აზრია, რომ უნდა გავრიცხოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა მათი მხრიდან - მურუსიძე - ჩინჩალაძის „კლანის“ წარმომადგენლები მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, არავითარი შეთანხმება არ იყო ჩვენს და "ქოცებს" შორის, ამიტომ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ფრაქციის არცერთ წევრთან ეს მოქმედება არ იყო შეთანხმებული", - აღნიშნა ჭანკოტაძემ.

XS
SM
MD
LG