Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: რისი გადახდა მოუწევს საქართველოს სანაცვლოდ?


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან და მოიხსნას სავიზო რეჟიმი. ამ კონტექსტში ელჩი სვამს კითხვას, თუ რის სანაცვლოდ აკეთებს ამას პუტინი და რისი გადახდა მოუწევს საქართველოს?

"ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ, რომელიც მუდმივად წნეხის ქვეშაა, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რომლითაც რუსეთი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რატომ ახლა? რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს, შეთავაზებებს? რა იქნება პირდაპირი ფრენების საფასური? რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი? ან თუნდაც აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან? ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს ქვეყნებისგან", - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG