Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია „არა რუსულ ფრენებს“ გმირთა მოედანზე დასრულდა - საპროტესტო აქციები გაგრძელდება


აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან
აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან

საპროტესტო აქცია „არა რუსულ ფრენებს“, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათისთვის დაიწყო, გმირთა მოედანზე დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან გმირთა მემორიალისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან კიდევ ერთხელ გააკეთეს გაცხადება მათი მთავარი მოთხოვნების შესახებ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რუსეთთან პირდაპირი რეისების გაუქმება და კახეთში დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ:

„ხვალ გავაგრძელებთ კონსულტაციას, გავაგრძელებთ საუბარს ყველა პროდასავლურ ჯგუფთან და აუცილებლად შევიკრიბებით. ჩვენი პროტესტი იქნება ურყევი რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. ყოველი დღე იქნება უგუნურებისთვის იმის გასაგებად, რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ქართველი ერის გარუსებას“.

მეორე დღეა დემონსტრანტები აპროტესტებენ როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა მისცა, ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებებს, რომელთა შედეგადაც 19 მაისიდან აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

რაც შეეხება კახეთში დაკავებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, 20 მაისს, ყვარელში, საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში „ყვარლის ტბა“ იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა საქორწინო წვეულების გამართვა.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულები გურჯაანის, თელავის, სიღნაღისა და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები. დაკავებულებს შორისაა პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ის თელავის სამხარეო პოლიციასთან მას შემდეგ დააკავეს, რომ ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

20 მაისს, ორბელიანის სასახლეში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს".

მანამდე, "ყვარლის ტბის" ადმინისტრაცია უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასტუმროში ნამდვილად იმყოფებოდნენ ლავროვის ოჯახის წევრები და იქ საქორწინო წვეულება იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG