Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმართება, სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს."

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ დროს, როცა ქართულმა საზოგადოებამ "მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება", ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და "დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია - არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია".

"ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობა. ამავე დროს ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, აშენებს ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ ხელისუფლებას მართებს მეტი ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან გონივრული პოლიტიკის წარმოებისთვის და უკრაინაში ომის ფონზე შექმნილი ისტორიული მომენტუმის გამოყენება, საქართველოს ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად.

"ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია.

ქართველ ხალხს ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც, კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას, ხელისუფლება სადაა?

ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია - არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილების და უიმედოების დრო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა ხალხმა იცის, როგორ არ დაიხიოს უკან ღირსების და ინტერესების დასაცავად. პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა ბოლომდე იბრძოლოს ხალხთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას ორჯერ გაისმა ხმაური და შეძახილები.

პრეზიდენტის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღეზე წინ უსწრებდა ახალწვეულების ფიცის დადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG