Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევი: დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ


ალან გაგლოევის სიტყვით გამოსვლა
ალან გაგლოევის სიტყვით გამოსვლა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს „მთავარი მოკავშირე“ უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში.“

ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეონაციზმთან ბრძოლაში, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცნენ”, - თქვა მან.

ამასთან, გაგლოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ.

„სპეცოპერაციის მიმდინარეობის ფონზე საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რუსულ მხარესთან სამხედრო სფეროში ურთიერთობების გასამყარებლად“, - განაცხადა გაგლოევმა.

მანვე დაამატა, რომ ქართულ მხარესთან შემდგომი ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში, "დაფუძნებული იქნება დავების გადაწყვეტისას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე“.

გაგლოევმა ისიც თქვა, რომ „სამხრეთმა ოსეთმა სრულად დაუჭირა მხარი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას“.

„მოხარული ვართ ჩვენი მეგობრების გამო, დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც რუსეთთან გაერთიანების შესახებ ხალხის სურვილი ამ ნაბიჯის განხორციელების გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა. იმედი მაქვს, შორს არ არის ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, გაგლოევმა თქვა, რომ აქტიურად მუშაობს რუსეთიდან ინვესტორების მოზიდვაზე და სამშაბათს მოსკოვში შეხვედრას გამართავს „რუსეთის საექსპორტო ცენტრის“ ხელმძღვანელობასთან.

ალან გაგლოევმა 2022 წელს, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, მალევე შეაჩერა რეფერენდუმი „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ. მოსკოვში გაგლოევის გადაწყვეტილებას მაშინ „გონივრული“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG