Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერმა თავისი ვაჟი გაათავისუფლა რეზიდენციაში წვეულების მოწყობისთვის


იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა საკუთარ რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას. ტოკიო, 14 ივლისი, 2022.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა საკუთარ რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას. ტოკიო, 14 ივლისი, 2022.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ თავისი უფროსი ვაჟი შიოტარო გაათავისუფლა პოლიტიკურ საკითხებში კერძო მდივნის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიოტარომ ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულება მოაწყო.

საახალწლო ფოტოები იაპონურმა ყოველკვირეულმა Syukan bunshun-მა გამოაქვეყნა. ფოტოზე 32 წლის შიოტარო კიშიდა და მისი ოჯახის წევრები ოფიციალური პრესკონფერენციების პოდიუმის ფონზე დგანან და მთავარი კიბის წითელ ხალიჩაზე პოზირებენ, ისინი პაროდიას აკეთებდნენ ტრადიციაზე, როცა ახალდანიშნული მინისტრები ტრადიციულ ფოტოს იღებენ ხოლმე კიბეზე.

„პოლიტიკურ საკითხებში მდივნის სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას მისი ქმედება შეუსაბამო იყო. მე გადავწყვიტე მისი შეცვლა, რათა მან გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კიშიდამ შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მანამდე პრემიერმა შიოტარო საჯაროდ გაკიცხა „შეუფერებელი“ საქციელისთვის. კიშიდამ გათავისუფლებულ პოსტზე უკვე დანიშნა თავისი დიდი ხნის თანაშემწე ტაკაიოში იამამოტო.

შიოტარო კიშიდა პრემიერ-მინისტრის რვიდან ერთ-ერთი პირადი მდივანი გახდა 2022 წლის ოქტომბერში. ოჯახის წევრების დანიშვნა მემკვიდრეების მომზადების ფარგლებში ჩვეულებრივი მოვლენაა იაპონიის პოლიტიკაში. იანვარში შიოტარო ერთხელ უკვე გააკრიტიკეს უმართებულო ქმედებისთვის, როცა მან ლონდონსა და პარიზში საელჩოების მანქანები გამოიყენა კერძო ექსკურსიებისთვის და ლონდონის ძვირფას მაღაზიებში სუვენირებს ყიდულობდა მინისტრებისთვის.

მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია, რომელიც თითქმის ასი წლისაა, მხოლოდ მისი ოფისის დანიშნულებას ასრულებდა. 2005 წელს შენობაში საცხოვრებლებიც მოეწყო.

XS
SM
MD
LG