Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის თქმით, EU-სგან დახმარების ფონზე რუსეთისთვის მადლობის გადახდა ამორალურია


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ იმ დროს, როცა ევროკავშირი საქართველოს წლების განმავლობაში ეხმარება, რუსეთისთვის მადლობის გადახდა "ეკონომიკის განვითარებისთვის" ამორალურია.

"ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის?! მე ვფიქრობ, არის არა მხოლოდ ამორალური, არამედ ასევე ცალსახად არასწორი. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს, ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით და შეთანხმებით, რამაც შეაჩერა რუსები მეტად წაწეულიყვნენ წინ. თუმცა ევროპული რეაქცია არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთმა შესაბამისი ფასი არ გადაიხადა. თუმცა ევროპის გარეშე თბილისიც კი ოკუპირებული იქნებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი.

29 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG