Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. კიშინიოვი. 2023 წლის 1 ივნისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. კიშინიოვი. 2023 წლის 1 ივნისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მეორე სამიტზე ილაპარაკებს საქართველოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივაზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სამიტის დაწყების წინ:

„მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა“.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს:

„ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში".

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ საქართველოში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია, ქვეყანა გაერთიანდეს და ამ მიზნის რაც შეიძლება მალე მისაღწევად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა ტერიტორიების ოკუპაცია და თქვა, რომ საქართველო, სამწუხაროდ, არ არის არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ აქვს "უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები":

"აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ხალხის უსაფრთხოებაზე".

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობა შეინარჩუნა და განამტკიცა: "მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG