Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკიმ საქართველოზე ზელენსკის განცხადებას დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო უწოდა


გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი
გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა და მას " დამამცირებელი" და "უნამუსოდ უსამართლო" უწოდა.

ვოლსკის თქმით, თუკი უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსა და ბელარუსს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვის მოსურნე ოპოზიციის მხარდასაჭერადაა მიმართული.

"სამწუხაროა, რომ იგი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის საკითხზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე.

თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს - ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს.

არასწორად ლაპარაკობს [ვოლოდიმირ ზელენსკი] და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო! ეს არის რეალობა", - თქვა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოსთან ერთად ბელარუსი ახსენა და თქვა, რომ მათ რუსეთი "სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში" მიათრევს.

"ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ მიათრევენ ამ ერებს ერთსა და იმავე სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში. მაგრამ თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ გაუგიათ დადებითი პასუხი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები სრულიად ბუნდოვანი ხდება", - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიას, სხვა 46 სახელმწიფო მეთაურს შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

XS
SM
MD
LG